,,Appeasement“ პოლიტიკის ალტერნატივები და მათი შესაძლო შედეგები

Posted: January 18, 2011 in ,,Appeasement“ პოლიტიკის ალტერნატივები

მეორე მსოფლიო ომი სწორედ იმ საგარეოპოლიტიკური კურსის შედეგი იყო, რომელსაც ,,დაშოშმინების“ პოლიტიკას უწოდებდნენ( policy of appeasement).

,,დაშოშმინების“ პოლიტიკა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის სახელს. ეს იყო თავდაცვითი, ,,დათმობითი“ ხასიათის პოლიტიკა ჰიტლერის შესაჩერებლად. ჩემბერლენს სჯეროდა, რომ გერმანიის პრეტენზიები  ვერსალის ზავთან, რომლითაც  პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, გარკვეულწილად სამართლიანი იყო და იმ იმედით, რომ ჰიტლერის ,,მოღერებულ მუშტს“ აიცილებდა, მისთვის ხელის გაწვდენა სურდა. მას მიაჩნდა, რომ გარკვეულ დათმობათა სანაცვლოდ ომის თავიდან აცილებას მოახერხებდა, მაგრამ ჰიტლერს ძირეულად განსხვავებული მსოფლმხედველობა ჰქონდა. გერმანელ კანცლერს მიაჩნდა, რომ დავების გადაწყვეტისა და ძალაუფლების მოპოვების პროცესში ომი სრულიად ლეგიტიმური და სასურველი  საშუალებაც კი იყო.  დღეს ეს ტერმინი – ,,appeasement“, გამოიყენება დასავლური დემოკრატიების არასწორი პოლიტიკის აღწერისათვის,  რადგან მათ ვერ შეძლეს ჰიტლერის შეჩერება და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.

ერთობ საინტერესო საკითხია, ,,დაშოშმინების“ პოლიტიკის ნაცვლად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს რა ალტერნატიული პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ მეორე მსოფლიო ომი.

სანამ ალტერნატივებს განვიხილავდე, მინდა აღვნიშნო რომ მაშინდელ დასავლურ პოლიტიკურ აუდიტორიას ნამდვილად აკლდა მოვლენათა და დიქტატორთა რეალური შეფასების უნარი. ჰიტლერისა და ბენიტო მუსოლინის  იმ დროს წარმოთქმული სიტყვები მათი მომავალი პოლიტიკური მიზნების ასახვას წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ ინება ამ შეხედულებების გათვალისწინება. ჰიტლერმა თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნები (Grossdeutschland-ის შექმნა –

,, გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი იქნება“; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში  გერმანელთათვის ,,Lebensraum”-ის (საარსებო გარემო) მოპოვებისათვის; კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა ,,ებრაულ მსოფლიოს შეთქმულების“ წინაღდეგ.) ,,Mein Kampf-ში“ აღწერა. ეს წიგნი 1925 წელს გამოქვეყნდა და მასში ჰიტლერმა ის იდეები დააფრქვია, რომლის გამოც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემი აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს ჰიტლერის Mein Kampf  რომ წაეკითხათ ან მისი გამოსვლებისათვის სათანადო ყურადღება  მიექციათ, ალბათ არც ისე დათმობითი ხასიათის იქნებოდა მათი პოლიტიკა ჰიტლერის მიმართ. სწორედ ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ვითარების ნაკლი, რომ არსებობდა არასწორი აზრი და მიდგომა გერმანიასთან მიმართებაში. ჩემბერლენს რომ mein Kampf წაეკითხა, დაშოშმინების პოლიტიკის ნაცვლად ,ალბათ, სხვა  საგარეო პოლიტიკური კურსს აირჩევდა და საფრანგეთის ,,შიშებსაც“ სათანოდ უპასუხებდა. ჩემი აზრით, მაშინ ევროპას ჩერჩილის მსგავსი პოლიტიკოსები სჭირდებოდა, ისეთები რომლებიც ამბობდნენ, რომ დიქტატორები სწორედ იმას გულისხმობდნენ, რასაც აცხადებდნენ, თუმცა მაშინ ისინი უმცირესობაში იყვნენ – ჩერჩილის სიტყვა ჩემბერლენს: ,,თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს“.

შესაძლო ალტერნატივები

  1. ჩემი აზრით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავიდანვე დაკარგეს შანსი ჰიტლერის გადანდგურებისა.  როცა 1936 წლის 7 მარტს ჰიტლერმა ჯარები შეიყვანა რეინის დემილიტარიზებულ ზონაში, რითაც არა მხოლოდ, ვერსალის არამედ ლოკარნოს ხელშეკურულებაც დაარღვია, საფრანგეთს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება შეეყვანა ჯარები და დაერტყა გერმანიისათვის. მას ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი, რადგან რეინის დემილიტარიზებულ ზონაში შესული გერმანული ჯარი რაოდენობრივად არ აღემატებოდა 20 000-ს, მაშინ როცა მუდმივი ფრანგული არმია ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე 500 000 -ს შეადგენდა.

საფრანგეთის სამხედრო მთავარხელმძღვანელის მორის გამელენის შეფასება ფრანგული ჯარისა გერმანულთან შედარებით მეტად აბსურდული იყო. გამელენის  დასკნის მიხედვით,  საფრანგეთმა  არ უნდა მიიღოს არანაირი სამხედრო კონტრზომები საყოველთაო მობილიზაციის გარეშე, რეინის ოლქში შესვლას ფრანგი პოლიტიკური ლიდერები ვერ რისკავდნენ დიდი ბრიტანეთის  მხარდაჭერის  გარეშე.  ვფიქრობ, დიდი ბრიტანეთის  შეცდომა მთელი XX -ის საუკუნის 20-30 წლებში  ის იყო, რომ ყოველთვის გადამეტებულად თვლიდა საფრანგეთის შიშებს გერმანიასთან მიმართებაში, როგორც ვხედავთ ეს შიში მართლაც არ იყო უსაფუძვლო. საფრანგეთს რომ ჰქონოდა ბრიტანეთის მხარდაჭერა, ალბათ ის რეინის ოლქში შევიდოდა და გერმანულ ჯარსაც გაანადგურებდა.  ამას ადასტურებს 1938 წელს ჰიტლერის საუბარი ავსტრიის კანცლერთან: ,,ორი წლის წინ, როცა ჩვენ რაინლანდში ,,ერთი მუჭა“ ბატალიონით შევედით, დიდ რისკზე წავედით. საფრანგეთი რომ შემოსულიყო, ჩვენ იძულებული გავხდებოდით უკან დაგვეხია…მაგარამ  ეს ეხლა ძალიან გვიანია საფრანგეთისთვის“.

ამ შემთხვევაში განვიხილავ ორ სავარაუდო სცენარს: ფრანგული ჯარი (ან  გაერთიანებული ფრანგულ-ბრიტანული ჯარი)  შევიდოდა რეინის ოლქში, რასაც მოჰყვებოდა გერმანული ჯარების   დამარცხება, ან  უკან დახევა. ორივე შემთხვევაში გაურთულდებოდა ჰიტლერს იმ მიზნებისათვის ფრთების შესხმა, რომელსაც ის თავის წიგნში (mein Kampf) ძალიან ნათლად აღწერდა ან მისი განხორციელება ძალიან დიდი ხნით გადაიწევდა, ასევე ჰიტლერს შესაძლოა დაეკარგა მომხრეები გერმანიის მთავრობაში,  საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კი ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა მისთვის.

2. რაც შეეხება ჩეხოსლოვაკიას, აქაც შესაძლებელი იყო ალტერნატიული პოლიტიკის გატარება. ამ ქვეყნის  14 მილიონი მოსახლეობიდან 3.5 მილიონი გერმანელი იყო და მათი უმრავლესობა ერთ რეგიონში, სუდეტის ოლქში, ცხოვრობდა. 1938 წლისთვის დაძაბულობამ სუდეტებში პიკს მიაღწია. სუდეტელი გერმანელები, კერძოდ კი მათი ნაციონალ-სეპარატისტული პარტიის ლიდერი კონრად ჰენლაინი, სისტემატიურად აცხადებდა იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროვებდა და არღვევდა მათ უფლებებს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა. პარალელურად ჰენლაინი ბერლინში დადიოდა და ადოლფ ჰიტლერისგან მითითებებს იღებდა.

სუდეტებში დაძაბულობისა და პრობლემის მოსაგვარებლად ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობამ  სუდეტს ადგილობრივი თვითმართველობა მისცა,  ეროვნულ კრებაში მათი წარმომადგენლობა გაზარდა, გერმანულ ენაზე მათი სწავლა-განათლება უზრუნველყო. როდესაც ჰიტლერი ამას არ დასჯერდა  და ახალი მოთხოვნები წამოაყენა პოლიტიკური ავტონომისა და მისი გერმანიასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა ჩეხოსლოვაკიის მიერ რეგიონში ჯარის შეყვანა და საზღვრის გამაგრება. ჩეხოსლოვაკიას ამ დროს მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ და   ძალის გამოყენების წინააღმდეგ გერმანიის მოკავშირე იტალიაც კი გამოვიდა. ჰიტლერისა და ჰენლაინის მცდელობა ამჯერად უშედეგოდ დასრულდა და ისინი მოლაპარაკებას დათანხმდნენ.

ჩემი აზრით,  უკვე ,,სუდეტების“ მეორე კრიზის დროს, როდესაც კონრად ჰენლაინის პარტიის გამოსვლებს ჩეხოლოვაკიის ჯარების შესვლა მოჰყვა სუდეტში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს  ჰიტლერთან მორიგებისა და შემდგომში მიუნხენის სამარცხვინო დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ,  მხარი უნდა დაეჭირათ ჩეხოსლოვაკიისათვის და ჰიტლერის მოთხოვნაზე, გადაეცათ უბრძოლველად სუდეტის ოლქი, უარი უნდა განეცხადებინათ ან მოლაპრაკებაზე წასულიყვნენ არა სუდეტის ოლქის გადაცემის, არამედ მისი დამოუკიდებელ ავტონომიად დარჩენის შესახებ. ვფიქრობ,  როცა სუდეტების პირველი კრიზისის დროს ჰიტლერი დათმობაზე, წავიდა, სავარუადოდ ის ეხლა ვერ გაბედავდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხოსლოვაკიის გაერთიანების წინაღმდეგ წასვლას, მითუმეტეს რომ ჩეხოსლოვაკიას მაშინ ჰყავდა ძლიერი ჯარი და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრეებს შორის ის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით წინ იდგა და მისი ცხოვრების დონე შვეიცარიას უთანაბრდებოდა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეეძლოთ არ დაეკარგათ დემოკრატიული სახელმწიფო და რეალური სამხედრო მოკავშირე ჩეხოსლოვაკიის სახით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც შეეძლო გერმანიის შეკავება  ბევრად უფრო ეფექტურად, რადგან ჩეხოსლოვაკიას ჰყავდა უზარმაზარი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯარი.  მაშინ როცა გერმანია იძულებული იქნებოდა თავისი არმიის უდიდესი ნაწილი მიემართა ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინაღმდეგ რეინის  დასაცავად, ჩეხოსლოვაკიას თავისუფლად შეეძლო გერმანიის თავდასხმის მოგერიება, უფრო მეტიც, თუ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაიწყებდა ომს  გერმანიის წინაღმდეგ ჩეხოსლოვაკიის მხარეს, რუსეთიც ჩაერთვებოდა, ამასთან რუსეთს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა აძლევდა ეფექტური და სწრაფი დახმარების საშუალებას.

3. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ალტერნატივას წარომადგენდა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის  კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის შექმნა, (ვგულისხმობ ალიანსს ჩეხოსლოვაკიის ანექსიამდე) რადგან ეს იქნებოდა რეალური პაქტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა ომის პრევენცია. მაგრამ ეს ალიანსი დაიბლოკა ,,დამშოშმინებელი“ ჩემბერლენისა და ავტორიტარული პოლონეთის მთავრობის მიერ, რომელმაც საბჭოთა არმია პოლონეთის მიწაზე არ შეუშვა. კოლექტიური უსაფრთხოების პაქტი საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს  შორის უკვე ნიშნავდა ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის ანექსიის და შემდგომში  მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების გამორიცხვას. ალიანსის შემთხვევაში ჰიტლერი მოექცეოდა ჩიხში, რომელსაც დასავლეთით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ხოლო აღმოსავლეთით ჩეხოლოვაკია და საბჭოთა ჯარები შეუქმნიდა. ამგვარად, გერმანია ყოველმხრივ  ჩიხში ექცეოდა.  კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის ქვეყნებს უნდა აერჩიათ  თავდასხმითი ტაქტიკა  და თავიდანვე გამანდგურებელი დარტყმა მიეყენებინათ გერმანიისათვის.(რაც შეიძლება მოკლე დროში მცირე დანაკრგით)

4.ალბათ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ალტერნატივას უფრო რეალურს გახდიდა გერმანიის ეკონომიკური სისუსტე, შესაბამისად არც თუ ისე ძლიერი   ჯარი, რის შედეგადაც  ჰიტლერის ამბიციების დიაპაზონი ნაკლები იქნებოდა. დიდ ბრიტანეთს უნდა შეეწყვიტა გერმანიასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა, მაშინ როცა, რეალურად 1930-იანი წლების ბოლოსთვის გერმანია დიდი ბრიტანეთისათვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გერმანია დიდ ფინანსურ დახმარებას იღებდა ამერიკიდან.  მაგალითად, 1934 წელს ამერიკულმა ნავთობკომპანია “სტანდარტ ოილმა” გერმანიაში 730 ათასი აკრი მიწა შეიძინა, სადაც უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ააშენა. ეს ქარხნები ნაცისტებს ნავთობით ამარაგებდა. იმავე პერიოდში აშშ-დან გერმანიაში საიდუმლოდ ჩამოიტანეს თანამედროვე მოწყობილობა საავიაციო ქარხნებისათვის, სადაც სულ მალე გერმანული თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო.  ამერიკული ფირმებისგან გერმანიამ დიდი რაოდენობით სამხედრო პატენტი მიიღო და ამერიკული ტექნოლოგიებით დაიწყო “იუნკერ-87”ის წარმოება. 1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ამერიკულმა ინვესტიციებმა გერმანულ ეკონომიკაში 475 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ს, როგორც  ბრიან-კელოგის პაქტის წევრს, რომ შეეწყვიტა ან შეემცირებინა  მაინც 30იანი წლების შუა ნახევარში  ეს დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ამით ფინანსურ მოგებას ვერ  ნახავდა,  გერმანია ვერ მიაღწევდა ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში  განვითარების ისეთ დონეს, რომელსაც მან მიაღწია.

5. მოცემულ ალტერნატივას ომის თავიდან აცილების   ნაკლები შანსი ექნებოდა,   თუმცა მინდა მაინც განვიხილო. ჩეხოსლოვაკიის შემდეგ ჰიტლერის მთავარ სამიზნეს პოლონეთი წარმოადგენდა, რომელთანაც ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს ხელი. ჩეხოსლოვაკიისაგან განსხვავებით, პოლონეთში ვითარება განსხვავებული იყო. პოლონეთი არ თმობდა ე.წ ,,დანცინგის დერეფანს“ ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარების იმედით, მაგრამ პოლონეთს რომ გერმანიისთვის დანცინგი გადაეცა, შესაძლოა ამით დაპყრობა და შემდგომში ომი აეცლებინა, მაგრამ ამ სცენარს, ვფიქრობ, ნაკლები შანსი ჰქონდა, რადგან პოლონეთის მთავრობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ქვეყნის სათავეში იდგა   საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და განადგურებას გეგმავდა.(,,პოლონეთის პოლიტიკის საიდუმლოებანი. 1935-1945 წლები“)  კატეგორიული ფორმით უარყვეს  მათ ანტიჰიტლერული ფრონტის შექმნა 1939 წელს. ამასთან ჰიტლერი უკვე უკან აღარ დაიხევდა, რადგან ბრიტანეთი და საფრანგეთმა დათმეს პოზიციები ჩეხოსლოვაკიასთან, და ჰიტლერი ალბათ ამას არგუმენტად იყენებდა, ამასთან პოლონეთის ანექსირების გეგმა ჯერ კიდევ “Main Kampf-ის” პერიოდში შეიქმნა, სწორედ  აქ უნდა დაფუძნებულიყო ,,Lebensraum“. მაგრამ მე-3 და მე-4 ალტერნატივების განხორციელების შემთხვევაში,  შესაძლოა  დანცინგის გადაცემაზე აღარ ჰქონოდა ჰიტლერს პრეტენზია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაშინდელ დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის დიდი შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ გააცნობიერეს ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა გამოეწვია ჰიტლერის მიმართ ,,დათმობით“ პოლიტიკას. მათ სათანადოდ ვერ აღიქვეს, ის რომ თუ “დღეს ეს ჩვენ შეგვეხო, ხვალ კი ეს უკვე თქვენ იქნებით“ ( ეთიოპიის იმპერატორის ჰაილე სელასიეს სიტყვები, როცა მან  ერთა ლიგას  სთხოვა დახმარება,  1936 წელი). საფრანგეთმა ვერ გამოიყენა შანსი რეინის ოლქში ჰიტლერის დამარცხებისა, მით უფრო დიდი იყო მოგების შანსი ბრიტანული მხარდაჭერის შემთხვევაში. მოვლენების განვითარების სრულიად სხვა სერიას მივიღებდით გერმანიისთვის ფინანსური დახმარება რომ შეეწყვიტათ,  რადგან ჰიტლერის ამბიციებს ზურგს ძლიერი სამხედრო ძალა უმაგრებდა. ,,appeasement“ პოლიტიკის ყველაზე რეალურ ალტერნატივას  კი  დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის შექმნა წარმოადგენდა.

ამგვარად, ჩემი აზრით ,,appeasement“ პოლიტიკის ალტერნატივები რეალურად არსებობდა და მათ განხორციელებას მაქსიმუმ  მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება და მინუმუმ მცირე ომის გამოწვევა შეეძლო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s